კარლ ჰარცელი - ვანის მუზეუმში გამოფენილი სიმდიდრე სუნთქვისშემკვრელად ლამაზია
კარლ ჰარცელი - ვანის მუზეუმში გამოფენილი სიმდიდრე სუნთქვისშემკვრელად ლამაზია

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვია. ვანის განახლებულ მუზეუმში კარლ ჰარცელს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს.

კარლ ჰარცელის თქმით, ძალიან ლამაზია მუზეუმი და მასში დაცული ექსპონატები.

„აქ გამოფენილი ექსპონატების კულტურული სიმდიდრე სუნთქვისშემკვრელად ლამაზია. ეს კულტურული მემკვიდრეობა არის მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. როდესაც ამ ექსპონატებს უყურებ, ეს არის არა მხოლოდ ექსპონატები, არის ის, თუ როგორ შეიძლება ამით ისტორიის მოყოლა. ევროკავშირი ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყოველგვარ ასეთ ინიციატივას და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია, აქ მოპოვებულ მასალას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისთვის, მით უფრო, რომ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მდიდრულ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი კოლხური ოქრომჭედლობის დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.

ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წელს, ეროვნული მუზეუმის გუნდის 10-წლიანი მუშაობის შემდეგ, პანდემიის მიუხედავად, დასრულდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და უახლესი სტანდარტების დაცვით, მუზეუმში მუდმივმოქმედ და დროებით საგამოფენო სივრცეებთან ერთად, მოწყობილია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები). ვანის მუზეუმი ანტიკური კულტურის კვლევის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.