კარლ ჰარცელი გიორგი გახარიას წერილით მიმართავს -  საქართველოსთვის გამოყოფილი უპრეცედენტო დახმარება, მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობის დემონსტრირებაა    
კარლ ჰარცელი გიორგი გახარიას წერილით მიმართავს - საქართველოსთვის გამოყოფილი უპრეცედენტო დახმარება, მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობის დემონსტრირებაა  

დღეს, 22 აპრილს, კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, ევროკომისია საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

წერილში აღნიშნულია, რომ უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის გამოიყო, არის ნათელი დემონსტრირება ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.

„ბატონო პრემიერ–მინისტრო, დღეს, როდესაც ევროკავშირი თავად განიცდის კოროვირუსის პანდემიის სიმძაფრეს, გამოწვევების დასაძლევად ის მნიშვნელოვან ზომებს მიმართავს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთავარ პარტნიორებთან კოორდინირებული რეაგირების საშუალებით. ასეთ დროს, სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია. სწორედ, ამ სულისკვეთებით მოქმედებას ითვალისწინებს ევროპის გუნდის, „Team Europe“–ის მიდგომა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და მათი საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რესურსებს.

ევროპის გუნდი საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ეხმარება და ხელს უწყობს, როგორც მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე საზოგადოების და ეკონომიკისთვის უფრო გრძელვადიანი, სტრუქტურული შედეგების უზრუნველყოფას. ეს არის ნაწილი იმ მრავალმხრივი რეაგირებისა, რომელზეც საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ღია წერილში, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის იმ შეთანხმების მიღწევამდე, რომლის მიზანიც სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის შევსება იყო.

დღეისათვის გამოცხადდა და უკვე ხორციელდება ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის გამიზნული დახმარების ორი პაკეტი. პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისათვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება.

ეს შესაძლებელი გახდა არსებული რესურსების მოძიების,დაჩქარებისა და არსებული პროგრამების გადამისამართების წყალობით, პანდემიის შედეგად გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული წინადადების დამტკიცების შემდეგ, ევროკომისია მზად იქნება სწრაფად გადმორიცხოს პირველი ტრანში, მას შემდეგ რაც საქართველოსთან მიღწეული იქნება შეთანხმება კონკრეტული პირობების შესახებ. მეორე ტრანში შესაძლოა გადმოირიცხოს 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ ნახევარში იმ პირობით, რომ შეთანხმებული პირობები დროულად იქნება განხორციელებული. როგორც ეს მაკროფინანსური დახმარების შემთხვევაში ხდება ხოლმე, თანხების ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელებასა და საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრებით სარგებლობის გაგრძელებაზე.

ეს უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დასაძლევად გამოიყო, საფუძვლიანია და მიზნობრივი. ეს არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.

მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების იმედით“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის მიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში.