კარლ ჰარცელი - თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა
კარლ ჰარცელი - თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა

თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც ევროკავშირმა ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო საგნები გადასცა.

​„ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და წევრ ქვეყნებთან ერთად ძალიან დიდ დახმარებას გასცემს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს. დღეს იყო სამედიცინო აღჭურვილობის მორიგი მიწოდება კლინიკისთვის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადავეცით ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო მოხმარების საგნები. ასევე, შევხვდი ამ ჰოსპიტლის თანამშრომლებს და ბედნიერი ვარ იმით, რომ დახმარებას ვუწევთ სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის წინაშე, დახმარებას უწევენ პაციენტებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ასევე ვაქცინაციის საკითხებზეც. ევროკავშირი „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდების მთავარი სპონსორია და თებერვლის ბოლოს პირველ პარტიას უკვე ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.