კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს ხვდება 
კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს ხვდება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს ხვდება. შეხვედრა სქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

შეხვედრა სავარაუდოდ უკავშირდება კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებას, თეა წულუკიანის მიერ ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც თეა წულუკიანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. „ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა ელჩს უპასუხა, რომ ამ საკითხის განხილვას ელჩთან ერთად ისურვებდა. „ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანი.