კარლ ჰარცელი - შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სათანადო მიდგომის უზრუნველყოფისკენ
კარლ ჰარცელი - შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სათანადო მიდგომის უზრუნველყოფისკენ

ბოლო წლებში საქართველოში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს გასულ წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ კანონის მიღება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. მალე, ერთ კვირაში, ასევე აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს. შესაბამისად, დღევანდელი მოვლენა ძალიან დროულია, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ამ სფეროში.

15 წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის ფარგლებშიც დადგინდა რიგი გლობალური სტანდარტები. როგორც ევროკავშირი, ისე საქართველო წარმოადგენს ამ კონვენციის ხელმომწერ მხარეს. ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მისი განხორციელება, როგორც ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ დავსახეთ მკაფიო ამოცანები ევროკავშირის მოქმედებისთვის როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ისე მის საზღვრებს გარეთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის განმტკიცების აუცილებლობა ასევე წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რაც ასევე ასახულია ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებში 2030 წლის დღის წესრიგის და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

ბოლო წლებში საქართველოშიც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი ამ კონვენციის განხორციელებაში. შარშან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ კანონის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მიმართულებით. ჩემთვის დღევანდელი ღონისძიება ნიშნავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც გულისხმობს საკოორდინაციო კომიტეტის დაარსებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათანადო და ერთიანი კოორდინირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგომის უზრუნველყოფისკენ. ევროკავშირი, გაერო-სთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს ამ კომიტეტის შექმნას.

ამ კონტექსტში ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კომიტეტის შექმნა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და, სავარაუდოდ, ყველაზე იოლი ნაბიჯიც. მნიშვნელოვანია, რომ მან სათანადოდ იმუშაოს პრაქტიკაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი იქცეს რეგულარულ, ინკლუზიურ და შედეგზე ორიენტირებულ უწყებად, რომელსაც ექნება სათანადო მატერიალური, ფინანსური მხარდაჭერა და ადამიანური რესურსები. მას ასევე უნდა ჰქონდეს რეალური გავლენა რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, რომლებიც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით შესაბამისი სტრატეგიების განხორციელებასთან. ასევე გავლენა უნდა ჰქონდეს ფუნქციების განაწილებაზე სხვადასხვა სექტორის ერთეულებს შორის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

„დაბოლოს, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არსებითი, წარმომადგენლობითი ორგანიზაციების და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობაში, ისე შესაბამის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ყოველივე ეს უნდა ეხმიანებოდეს თავად კონვენციის სიტყვების სულისკვეთებას: „არაფერი ჩვენთან დაკავშირებით ჩვენ გარეშე“.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკვანძო კომპონენტების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ეს კომიტეტი წარმატებით შეძლებს სასიკეთო ცვლილებების მოტანას, რის იმედიც ჩვენ ყველას გვაქვს. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. ასევე მივესალმები ამ საქმეში პრემიერ-მინისტრის პირად ჩართულობას, რაც წარმოადგენს ამ მხრივ ძალიან მკაფიო სიგნალს.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ ღონისძიებაზე. გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი კომიტეტის შექმნას. წინ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. გარწმუნებთ, რომ ევროკავშირი მზად არის სამომავლო მხარდაჭერისთვის და თქვენთან თანამშრომლობისთვის ამ ძალისხმევის წარმატებით გატარებისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.