კარლ ჰარცელი - საარჩევნო ბარიერზე დისკუსია შედგა გასულ შემოდგომას, რის შედეგადაც მიღწეული იყო 19 აპრილის შეთანხმება, რომლის ნაწილი საკონსტიტუციო შესწორებებად გარდაიქმნა
კარლ ჰარცელი - საარჩევნო ბარიერზე დისკუსია შედგა გასულ შემოდგომას, რის შედეგადაც მიღწეული იყო 19 აპრილის შეთანხმება, რომლის ნაწილი საკონსტიტუციო შესწორებებად გარდაიქმნა

შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, თუ „რამდენად სწორი ლექსიკით ესაუბრება ხელისუფლება დიპლომატებს და სტრატეგიულ პარტნიორებს“.

„ნება მიბოძეთ, თავი ავარიდო კომენტარებზე საუბარს. ამის სანაცვლოდ, ვისაუბრო გუშინ განხილულ საკითხზე და ეს იყო 2-პროცენტიან ბარიერზე დებატები და ის, თუ როგორ გავაგრძელოთ წინსვლა ამასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება ამაზე ძალიან ცხადია. შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად. ფუნდამენტური საკითხი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ეს დისკუსია გვქონდა გასულ შემოდგომას, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე როგორც ფასილიტაციის, ისე მედიაციის ძალისხმევა, რის შედეგადაც მიღწეული იყო 19 აპრილის შეთანხმება. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო შესწორებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით, უნიკალურად ფართო საფუძვლით. როგორც გვახსოვს, 2-პროცენტიანმა ბარიერმა მიიღო არანაკლებ 126 ხმა. ეს იყო სამ თვეზე ნაკლები ხნის წინ. ეს გახლდათ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა როგორც გუშინ განაცხადა, „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მეტიც – ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.

ამასთან, თავის მხრივ, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ, კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რომელსაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი. შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.