კარლ ჰარცელი - საქართველოსთან, სხვა ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოში, რათა მოხდინოთ რუსეთის იზოლირება, გვიხარია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში
საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოში, რათა მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება, ძალიან გვიხარია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი გრძნობათა იმ ერთობას, რომელიც გვაქვს საქართველოს მოქალაქეებთან იმ სისასტიკესთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ბუჩაში და სხვაგანაც. ევროკავშირი აბსოლუტურად შემართულია ამაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ მივესალმებით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უკვე სწავლობს ამ საკითხს და ცდილობს, გამოავლინოს შესაძლო ომის დანაშუალებზე პასუხისმგებელი პირები. პარალელურად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის პროკურატურას საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში, რათა ეს საქმე რაც შეიძლება მეტად იყო გამყარებული მტკიცებულებით“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის მისამართით დააწესა.
რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით ევროკავშირის საპასუხო რეაქციას რაც შეეხება, გუშინ ბრიუსელიდან 19 რუსი დიპლომატი გავაძევეთ მათი უკანონო საქმიანობისთვის, რაც სცდებოდა დიპლომატის მანდატს, მათ მოსთხოვეს ბელგიის ტერიტორიის დატოვება. საერთო ჯამში, ამ ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებულია 200-ზე მეტი დიპლომატი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სანქციებს აქვს შედეგი და ისინი უნდა იყოს შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ უკვე დაწყებულია სანქციების მეხუთე პაკეტზე მსჯელობა. პარალელურად, ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას და აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე, ვაწვდით ჰუმანიტარულ დახმარებას. ამ შემთხვევაში ვმუშაობთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოში, რათა რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება. ამ კუთხით ძალიან გახარებული ვარ, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში. ამ კვირაში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავრიცხავთ რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, როგორც იმის შედეგი, რაც ვნახეთ ბუჩაში და ამ პროცესში გვაქვს საქართველოს მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, საქართველოსგან ელოდებიან უკრაინის მიმართ სოლიდარობას და ისეთ ნაბიჯებს, როგორიც გადაიდგა რუსული ბანკების მიმართ სანქციების კუთხით.
„რაც შეეხება იმას, რას ველოდებით საქართველოსგან. ჩვენ ველოდებით სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელებისადმი, რასაც ყველა ვიზიარებთ. ასევე, საჭირო ნაბიჯების გადადგმას რუსეთის იზოლირებისთვის და უზრუნველყოფას, რომ მათი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და სხვებს, შეძლებისდაგვარად აქტიურად დაუჭირონ ამას მხარი. ჩვენ ძალიან გვსურს დავინახოთ, რომ არც ერთი ქვეყანა არ გაუღებს უკანა კარს რუსეთს ჩვენი სანქციებისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩვენ ვნახეთ ომის დასაწყისში მნიშვნელოვანი მაგალითი, როდესაც კონკრეტული ბანკების მიმართ გადავდგით ფინანსური ნაბიჯები და საქართველომ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა, ძალიან სწრაფად გააკეთა ეს, როდესაც საქმე ეხებოდა „ვითიბი ბანკს“, რომელიც იყო ჩვენი სანქციების ქვეშ. ამას ველოდებით მომავალშიც“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.