კარლ ჰარცელი - საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი რეფორმის ფარგლებში, რითაც ყველა პოტენციალს იყენებს
კარლ ჰარცელი - საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი რეფორმის ფარგლებში, რითაც ყველა პოტენციალს იყენებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა რეფორმის ფარგლებში და არსებულ პოტენციალს იყენებს.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე. მისივე თქმით, მალე დაიწყება დისკუსია ასოცირების ახალ დღის წესრიგზე.

„ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ ძალიან ამბიციური ურთიერთკავშირის გასამყარებლად. წლევანდელი წელი იქნება ხუთი წლის იუბილე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ძალიან მალე დაიწყება დისკუსია ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი საერთო ამბიციების ჩამოყალიბებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ ამბიციებს ძალიან ძლიერი მხარდაჭერის პაკეტებით. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან პროგრესს ძალიან ბევრი რეფორმის ფარგლებში, რითაც იყენებს ყველა არსებულ პოტენციალს. ვიტყვი, რომ ამ თანამშრომლობამ უკვე დადო მნიშვნელოვანი შედეგები. 2017 წლის შემდგომ საქართველოს ხუთი ათასზე მეტმა მოქალაქემ სარგებელი მიიღო უვიზო მიმოსვლით. კომპანიების რაოდენობამ, რომელთა ექსპორტმა 34 პროცენტს გადააჭარბა, ასევე შთამბეჭდავია ასოცირების შეთანხმებით მიღებული დადებითი შედეგი, რაც უკვე აისახება საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობაში. 2020 წლისათვის ერასმუს პლუს პროგრამის ფარგლებში, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ბენეფიციარი ქვეყანა. არის, ასევე, ძალიან დიდი მოლოდინი. საქართველოს პარლამენტს თავის დღის წესრიგში შეტანილი აქვს უკვე ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელმა საარჩევნო რეფორმის საკითხზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი ეს ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებას.

ამასთან, დიპლომატი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკურ დიალოგსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროგრესის მიღწევა ერთობლივი მიდგომით შესაძლებელი იქნება.

„მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა. განსაკუთრებით თუკი მხედველობაში მივიღებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. ყოველივე ეს ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებას ევროკავშირისკენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. მოხარული ვარ და მინდა, მივესალმო მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დიალოგს, რომლის ფარგლებშიც უკვე გუშინ მეორე შეხვედრა გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ პროგრესის მიღწევას, ერთობლივი მიდგომით“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.