კარლ ჰარცელი -საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
კარლ ჰარცელი -საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ცხადად აღიარებს საქართველოს რეფორმების წარმატებით განხორციელებას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა აღნიშნა, საქართველო გამოირჩევა, როგორც სანდო პარტნიორი. ამასთან, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს თავის წვლილი შეჰქონდა კრიზისის მართვაში, რასაც ევროკავშირი ძალიან აფასებს.

გარდა ამისა, ჰარცელმა ისაუბრა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ფორმატია.

„შემდეგ კვირას დაგეგმილი შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით განხილული იყოს და შეთანხმდეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის რეფორმების გატარებისთვის, ხოლო ევროკავშირი – ამ პროცესში მხარდაჭერისთვის.

„საქართველო აცხადებს მზაობას, რომ რეფორმები განახორციელოს და ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, საქართველოს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.