კარლ ჰარცელი - საქართველო და ევროკავშირი იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ოდესმე
კარლ ჰარცელი - საქართველო და ევროკავშირი იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ოდესმე

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში მოიცავს ფაქტობრივ მონაცემებს, რაც ასოცირების შეთანხმების შესრულების გზაზე საქარველოს მხრიდან მიღწეულ წარმატებებსა და ამ მიმართულებით არსებულ დანაკლისს თანაბრად ეხება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მასში არის კრიტიკული გამოხმაურებებიც.

„ანგარიშში ბევრია საუბარი პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით მიაღწია. უნდა ითქვას – 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრები იყო ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველო წინ მიდის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არის კრიტიკული გამოხმაურებებიც. მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რაც სასამართლო ხელისუფლების თავისუფლებას ეხება. არის სხვა მიმართულებებიც, რომელსაც ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და ევროკავშირი იმაზე მეტად დაახლოვდნენ, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.