კარლ ჰარცელი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიალოგი შედგეს
კარლ ჰარცელი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიალოგი შედგეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რაუნდის თარიღზე შეთანხმება არ არსებობს.

„დავიწყებ თარიღით, ჯერჯერობით თარიღზე არანაირი შეთანხმება არ არის. შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ყველა სხვა ფასილიტატორთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხზე, რათა ყველა მხარეს შორის იყოს ნაპოვნი რაღაც საერთო, საერთო ტერიტორია, სადაც შეიძლება, ეს დიალოგი განვითარდეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საერთო ტერიტორია გამოვნახოთ. იმედი გვაქვს, საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული შედეგი, როგორც არჩევნების კუთხით, ისე ზოგადად“ ,- განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დიალოგის საკითხზე აქტიურად მუშაობენ და იმედი აქვს, მოლაპარაკებები შედგება.

კითხვაზე, დარჩა თუ არა სივრცე მოლაპარაკებებისთვის, ჰარცელმა ასე უპასუხა: „მარტივად რომ ვუპასუხო, ამის დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რადგან დიდ დროს ვუთმობ აღნიშნული საკითხის მოგვარებას. ახლაც ვსწავლობთ საერთო ტერიტორიის გამონახვის შესაძლებლობას, რომ დიალოგი შედგეს და ეს საკითხი გადაწყდეს”,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.