კარლ ჰარცელი - საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური
კარლ ჰარცელი - საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური

მინდა, ხაზი გავუსვა ნაკლოვანებების აღიარების მნიშვნელობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო სისტემა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება იმდენად მტკიცე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ ამ შეხვედრაში მონაწილეობით, რომელიც ფოკუსირებულია წინა არჩევნების საკითხების გაგრძელებაზე. მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების, რომელმაც გარკვეული შეშფოთება დატოვა საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის – ევროკავშირისთვის. რეკომენდაციები გაწერეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშში, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლის საფუძველზე ახლა მაგიდაზე დევს ვალდებულება, გაიარონ ეს 27 რეკომენდაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ საარჩევნო საკითხებზე დისკუსია ახლა იწყება და იმედოვნებს, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება.

„ჩვენი საწყისი წერტილია, მივესალმოთ, რომ პროცესი იწყება, რადგან დრო შეზღუდულია და შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა გვქონდეს, რომლის შემდეგაც, როგორც ვიცით, არჩევნების წელი იწყება. ეს გადამწყვეტი ამოცანაა და მოხარული ვარ, რომ ახლა იწყება. ეს არ იქნება იოლი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ იქნება ინკლუზიური პროცესი, სადაც მონაწილეები, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, სააგენტოები და სამინისტროები იქნებიან ჩართულნი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიების ნაწილი ასევე ეხებოდა საარჩევნო სისტემის საკითხს.

„ეს არის დისკუსიები, რომლებიც უეჭველად გაგრძელდება და ვნახავთ, თუ როგორ ჩაჯდება ეს საკითხი უფრო ფართო სურათში. მინდა, ხაზი გავუსვა ნაკლოვანებების აღიარების მნიშვნელობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო სისტემა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება იმდენად მტკიცე, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი