კარლ ჰარცელი - ორივე მხარისგან ვისმენთ მზაობას, ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია
კარლ ჰარცელი - ორივე მხარისგან ვისმენთ მზაობას, ვფიქრობ, ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია

ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტნიორებს შორის, ვფიქრობ, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ამ პროექტის განსახორციელებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა.

გუშინვე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე კონსორციუმის შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ამასთან, სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

დატოვე კომენტარი