კარლ ჰარცელი - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მისასალმებელია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული
კარლ ჰარცელი - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მისასალმებელია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობდა, მისასალმებელია. თუმცა, ჰარცელის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ამ პროცესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული.

„პირადად ამ პროცესში უკვე ერთ წელზე მეტია, ჩართული ვარ. ვფიქრობ, საწყისი წერტილი იყო ძალიან მკაფიო. სამწუხარო იყო სიტუაცია, რომელშიც გასული დეკემბრიდან ვიყავით. გასული წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს კარგი რეაგირება შერჩევის პროცედურის კუთხით, ღია და გამჭვირვალე მოსმენების მხრივ, რომელიც პარლამენტში გაიმართა და რასაც ძალიან მივესალმებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის პრეცედენტს მომავლისთვის, ქმნის თამაშის ახალ წესებს.

ამავდროულად, თქვენ მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერისგან, რომ ჩვენ ვისურვებდით, შერჩევის პროცესი ყოფილიყო უფრო მეტად ამბიციური, ვენეციის კომისიის რჩევის შესაბამისად. ჩვენ, ასევე, გვაქვს კითხვები წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. დღის ბოლოს შეიძლება, განხილულ იქნას, გამოიტანეს თუ არა ამ პროცესთან დაკავშირებით სრული დასკვნები პარლამენტმა და პარლამენტის წევრებმა. ეს იყო ის, რაც აისახა გასულ კვირას გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. ჩვენ აღვნიშნავთ, რა იქნა მიღწეული, არის რაღაცები, რაც სამომავლოდ უნდა გაკეთდეს“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიპლომატის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მოსამართლეების არჩევის სამომავლო პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის და სხვა დამკვირვებლების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადეობის მოსაზრებები მეტად იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენი მკაფიო გზავნილია, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის, ოდირის, სხვა დამკვირვებელის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და გამოიტანონ დასკვნები შერჩევის სამომავლო პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიტანოთ დასკვნები ამ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. დავრწმუნდეთ, რომ ვიდრე მომავალ დანიშვნამდე გადავალთ, გამოტანილი იქნება სწორი დასკვნები“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.