კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია, იმედი გვაქვს, ეს შესაძლებელი იქნება
კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია, იმედი გვაქვს, ეს შესაძლებელი იქნება

ვფიქრობ, დღეს შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები იყოს შენარჩუნებული, ვიპოვოთ საერთო პლატფორმა, რომელსაც უკვე მრავალი კვირაა, ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება.

„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი. ახლა განვიხილავთ ამას და შევხედავთ, როგორ შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ, რათა პროცესი წინ წავწიოთ. როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია. იმედი გვაქვს, ეს საბოლოოდ შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ შესაძლებელი იქნება, წინსვლის გზა ვიპოვოთ, რომელიც ყველა შეშფოთებას უპასუხებს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოვისმინეთ და უზურნველყოფს სტაბილურობას და განგრძობად დემოკრატიას“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ დააკონკრეტეს, რატომ არ ესწრებოდა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღევანდელ შეხვედრას. ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან დამოუკიდებლად შეხვედრებს ამჯობინებს.
დატოვე კომენტარი