კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ცხინვალში 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტი ჰუმანიტარული პრობლემის არსებობაზე მიუთითებს
კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ცხინვალში 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტი ჰუმანიტარული პრობლემის არსებობაზე მიუთითებს

მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ქალის სიკვდილი დაკავშირებული გადასასვლელების ჩაკეტვასთან, ეს მაინც ნიშნავს, რომ არსებობს ჰუმანიტარული პრობლემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 70 წლის ქალის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა. როგორც ვიცით, მისია ამ საქმეს სწავლობს. ჩვენ გავაგრძელებთ ზემოქმედებას, რათა გადასასვლელები გაიხსნას. ეს პრიორიტეტია, რადგან გადასასვლელები კვლავ ჩაკეტილია უკვე ორი თვეა. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ამ ქალის სიკვდილი დაკავშირებული ამ საკითხთან, ეს მაინც ნიშნავს, რომ არსებობს ჰუმანიტარული პრობლემა, რაც აისახება იქ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იმედი გვაქვს, პროგრესს დავინახავთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბუნებრივია, იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.