კარლ ჰარცელი მეხუთე რაუნდის შესახებ კითხვაზე - არ ვფიქრობ, რომ რამე დახურულია, ერთადერთი რასაც ვამბობ, დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო
კარლ ჰარცელი მეხუთე რაუნდის შესახებ კითხვაზე - არ ვფიქრობ, რომ რამე დახურულია, ერთადერთი რასაც ვამბობ, დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრისა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის თარიღის შესახებ დასმულ კითხვაზე კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ გუშინ საუბარი დიალოგსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა, ხოლო მომდევნო რაუნდის თარიღი უცნობია.

„დისკუსიის მთავარი თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. მე ჯერ კიდევ არ ვიცი თარიღი, როდესაც საუბარია შესაძლო მეხუთე რაუნდზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, დახურულია თუ არა მეხუთე რაუნდის კარი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რამე დახურულია, მაგრამ დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო.

„მე არ ვფიქრობ, რომ რამე დახურულია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურება საერთო საფუძვლის მიმართულებით. ერთადერთი, რასაც ვამბობ, დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.