კარლ ჰარცელი - მანდატებზე უარი ნიშნავს, რომ დრო უფრო სწრაფად გადის, საჭიროა, ეს ყველამ გაითვალისწინოს
კარლ ჰარცელი - მანდატებზე უარი ნიშნავს, რომ დრო უფრო სწრაფად გადის, საჭიროა, ეს ყველამ გაითვალისწინოს

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება მაგარ გადაწყვეტილებებზე, რაც სჭირდება „კოვიდს“ და ნებისმიერ სხვა საკითხს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„რაც გუშინ ვთქვი, მას შემდეგ ბევრი რამ არ შეცვლილა, დრო მიდის. მანდატებზე უარის თქმით ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელიც მიჰყვება გარკვეულ ლოგიკას. მივდივართ თამაშის დასასრულისკენ. როგორც ვიცით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, გვაქვს საუბარი სხვადასხვა მხარესთან, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა საერთო საფუძველი მოვძებნოთ, რაც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან შეთანხმებას საბოლოოდ, რისი იმედიც გვაქვს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება მაგარ გადაწყვეტილებებზე, რაც სჭირდება „კოვიდს“ და ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც ხდება. ასე რომ, ბევრი რამ არ შემიძლია, გითხრათ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩართულობას წინსვლის გზის მოსაძებნად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მოლაპარაკების პროცესს, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ დრო სწრაფად გადის.

„მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან დღის ბოლოს ყველა მხარე გამოიტანს დასკვნებს, მაგრამ მანდატებზე უარი ნიშნავს, რომ დრო უფრო სწრაფად გადის, საჭიროა, ეს ყველამ გაითვალისწინოს“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრისა და მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის თარიღის შესახებ დასმულ კითხვას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ გუშინ საუბარი დიალოგსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა, ხოლო მომდევნო რაუნდის თარიღი უცნობია.

„დისკუსიის მთავარი თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. მე ჯერ კიდევ არ ვიცი თარიღი, როდესაც საუბარია შესაძლო მეხუთე რაუნდზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ხელისუფლებისგან წარმოდგენილი ახალი კომპრომისული წინადადებები, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ყველა მხარისთვის იქნება მნიშვნელოვანი საერთო საფუძვლის ფორმირებისკენ მოძრაობა.

„წარმატების მისაღწევად, რაც მე პირადად მსურს, რომ ვიხილო, ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება, იფიქრონ, თუ როგორ იმოძრაონ საერთო საფუძვლის ფორმირებისთვის, რაც აუცილებელი იქნება ყველა მათგანის ბორტზე მოსახვედრად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.