კარლ ჰარცელი - კოლეგები ევროკავშირში გაოცებული იყვნენ პანკისელ პედაგოგებთან გამართული დისკუსიებით
კარლ ჰარცელი - კოლეგები ევროკავშირში გაოცებული იყვნენ პანკისელ პედაგოგებთან გამართული დისკუსიებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პანკისში ჩასვლას გეგმავს, რათა ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებთან დაწყებული დისკუსიები გაგრძელდეს.

კარლ ჰარცელი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს უმასპინძლა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ის შეხვედრით ძალიან კმაყოფილია და ასევე მოხარულია, რომ ბრიუსელში ვიზიტმა კარგად ჩაიარა.

„საოცარი მომენტი იყო. ძალიან ნასიამოვნები ვარ ბრიუსელიდან ახლახან დაბრუნებულ მასწავლებლებთან შეხვედრით. მათ გამგზავრებამდე შევხვდი და ძალიან ვნერვიულობდი, რამდენად კარგად ჩაივლიდა მოგზაურობა. ევროკავშირმა მათ ნამდვილად თბილი დახვედრა მოუწყო და ეს იგრძნეს. ჩვენი კოლეგები ევროკავშირში, რომლებიც პედაგოგებს შეხვდნენ, გაოცებული იყვნენ იმ დისკუსიებით, რაც ადგილზე შედგა. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით დღესაც კარგი დისკუსია წარიმართა, სადაც საგანმანათლებლო მიმართულებებზეც ისაუბრეს.

„მათ გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები, რაც მიიღეს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე, ჩვენს ღირებულებებსა და სხვა საკითხებზე. ეს იყო ნამდვილად ემოციური მომენტი და ძალიან გახარებული ვარ. ვგეგმავ პანკისის მონახულებას, რომ დაწყებული დისკუსიები გავაგრძელოთ მათ მოლოდინებსა თუ დასკვნებზე. ჩვენი დიალოგი დღეს მოკლედ წარიმართა, თუმცა შევეხეთ საგანმანათლებლო მიმართულებას, რაც მასწავლებლებისთვის უპირველესია“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელიდან დაბრუნებულ პანკისელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდა.

პანკისელი პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების ჯგუფი ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქართულ წარმომადგენლობებს ესტუმრნენ.