კარლ ჰარცელი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე იქნება სასარგებლო დისკუსია, მათ შორის ვენეციის კომისიის მონაწილეობით
კარლ ჰარცელი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე იქნება სასარგებლო დისკუსია, მათ შორის ვენეციის კომისიის მონაწილეობით

ყველა მხარე თანხმდება, რომ გერმანული მოდელი დისკუსიის საგანი იქნება, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია დიპკორპუსის თანდასწრებით შეხვდებიან ერთმანეთს.

ჰარცელი აცხადებს, რომ ეს იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი დისკუსია.

„ფაქტია, საჭიროა დიალოგი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მხარე თანხმდება, რომ გერმანული მოდელის საკითხი, ასევე სხვა საკითხები იქნება ამ დისკუსიის განხილვის საგანი.

ჩემი აზრით, შედეგის მისაღწევად სასარგებლო იქნება, თუ შესაძლებლობათა და შეზღუდვების უფრო ფართო განხილვა იქნება მიღწეული და არა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი.

ეს იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი დისკუსია, მათ შორის ვენეციის კომისიის მონაწილეობით, რომელიც იქნება წარმოდგენილი დიალოგის მაგიდასთან, რომ გადავხედოთ შესაძლებლობებს. როგორც იცით, ეს ერთ- ერთი საკითხია, უფრო ფართო საკითხი კი არის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა და დიალოგისკენ გზის პოვნა, რათა უკეთ გავიგოთ, როგორია გზა წინსვლისკენ. ეს საქართველოსთვის გადამწყვეტია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.