კარლ ჰარცელი - ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან
კარლ ჰარცელი - ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან

ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი“, – განაცხადა ჰარცელმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

„დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინ დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისთვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა“, – განაცხადა ჰარცელმა.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ხაზი მინდა გავუსვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიული ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ნდობის აღდგენაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში. კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ვითარებებში – ეს არის ფაქტების გონივრული, მიუკერძოებელი, ეთიკური და ზუსტი გაშუქება, რომელსაც „მშვიდობის ჟურნალისტიკასაც“ უწოდებენ. ასეთი ჟურნალისტიკის წასახალისებლად და ყოველწლიურად საუკეთესო ნამუშევრების დასაჯილდოებლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში, აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკასა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ნაშრომისათვის“, – განაცხადა შჩიგელმა.

„პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს შვიდ კატეგორიაში გაიცემა:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო; კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ ბმულზე.

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი. განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, [email protected];

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), [email protected];

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის 26-ე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედიაპლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.

2021 წლის 3 მაისის თემაა „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“. UNESCO-ს მთავარი თემის შესაბამისად, ევროკავშირის საგარეო სამსახური აცხადებს კამპანიას, სახელწოდებით „პრესის თავისუფლება გვიცავს – ჩვენც დავიცვათ ის“. ეს კამპანია მიზნად ისახავს ჟურნალისტების უზარმაზარი წვლილის აღიარებას Covid-19-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავების პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.