კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინ წაწევისთვის სასარგებლო იქნება
კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წინ წაწევისთვის სასარგებლო იქნება

21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო წინ წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა.

„ამ შეხვედრის მიზანი იქნება, საქართველომ თავის ამბიციები წარმოადგინოს, ხოლო ევროკავშირმა დაინახოს, როგორ შეუძლია ამ მხრივ საქართველოს დაეხმაროს. ჩვენ უფრო მეტს გავიგებთ მთავრობის გეგმების შესახებ, რომელიც ეხება ისეთ სფეროს, როგორიც განათლებაა. ევროკავშირი მზად არის, საქართველოს მხარდაჭერა კიდევ გაუწიოს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში როგორიც პროფესიული გადამზადებაა.

კიდევ ერთი პრიორიტეტული სფერო ეკონომიკური რეფორმები იქნება, სადაც ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით, უფრო მეტი გავიგოთ მთავრობის პრიორიტეტების შესახებ, რაშიც შედის ინკლუზიური ზრდის სტრატეგია და ასევე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა.

ასევე განხილვის თემა იქნება ვაჭრობა, სადაც ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროგრესს ვხედავთ. ორივე მხარე აღიარებს, რომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა ქართულმა კომპანიებმა და ფერმერებმა ამ მნიშვნელოვანი შეთანხმებიდან დიდი სარგებელი მიიღონ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო სასამართლო სფეროში რეფორმების გაგრძელების შესახებ ვალდებულებასაც აიღებს.

„ამ სფეროში უწყვეტი ამბიცია და რეფორმები უმნიშვნელოვანესია ორმხრივი შეთანხმებისთვის და ასევე მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევის ერთიანობასთან არის დაკავშირებული.

უსაფრთხოება იქნება იდევ ერთი თემა, რომელსაც შემდეგ კვირას განვიხილავთ. ეს იქნება შესაძლებლობა, შევადაროთ შეხედულებები, როგორ შეგვიძლია, ევროკავშირის სამომავლო უსაფრთხო პროგრამასთან დაკავშირებით პრიორიტეტები გამოვყოთ, რომელზე მოლაპარაკებაც მომავალ წელს დაიწყება და, რომელიც კიბერუსაფრთხოების ელემენტებსა და სასაზღვრო თემებს შეიცავს.

მჯერა, ეს შეხვედრა პრემიერისთვის შესაძლებლობა იქნება, განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, რა მდგომარეობაა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტურ რეგიონებში.

სტრასბურგსა და ვენაში ძლიერი განცხადებები გაკეთდა, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მომავალ კვირას ამ შეხვედრაში მონაწილეობას მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.