კარლ ჰარცელი - ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას
კარლ ჰარცელი - ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა თბილისში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

კარლ ჰარცელი კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელის „საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები“ ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

როგორც თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ზრდის.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება – ნათელია, რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობას, ეს გახლავთ პროექტი, რომელიც საქართველოს აყენებს გზაზე იმისთვის, რომ მომავალში არ დასჭირდეს კონკურენცია ყველაზე დაბალ ხელფასებზე და ა.შ. ძალიან დიდი ძალისხმევა და ტკივილია საჭიროა მიზნის მისაღწევად, მაგრამ როგორც კი გაწერილ, რთულ სტანდარტებს დააკმაყოფილებ, როგორც კი მიაღწევ ევროკავშირის სტანდარტებს, ეს ხსნის საქართველოსთვის  გლობალური ბაზრების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.