კარლ ჰარცელი - ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს გვერდით დგას
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს გვერდით დგას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან საქართველოს გვერდით დგას.

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩვენ შევძელით 2 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება, რათა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით დავხმარებოდით. ჩვენი დახმარება მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის უშუალო მხარდაჭერას, სადაც ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს 2 მილიონ ერთეულზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაში დავეხმარეთ. ასევე, მხარი დავუჭირეთ სამედიცინო ტრენინგებს და ცოტა ხნის წინ დაწყებული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებას.

გარდა ამისა, ევროკავშირის დახმარებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოების განახლებისთვის გამოყო დაფინანსება. საქართველომ უკვე მიიღო პირველი ვაქცინები „კოვაქსის“ საშუალებით, რომლის უდიდეს მხარდამჭერსაც ევროკავშირი წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო სფერო. როგორც ვიცით, პანდემიას სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამომწვევია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, ევროკავშირმა პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის მიერ დაფინანსდა ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ისინი დახმარებოდნენ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებზეც „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა ვითარებამ განსაკუთრებით იმოქმედა. და ბოლოს, ევროკავშირმა დამატებითი დაფინანსება გამოყო კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებისთვის, რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის პანდემიის კრიზისის დაძლევაში“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ჯანმოს-ს საქართველოს ოფისის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „კოვიდ-19“ სოლიდარობის პროგრამის ოფიცერი, დავით რამინაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირი მონაწილეობენ საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე რეაგირების მიზნით სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინიციატივებში.

„გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად, პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნას, მათი მხრიდან კოორდინაციასთან, გამოვლენასა და რეაგირებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა დავით რამინაშვილმა.