კარლ ჰარცელი - ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერშეტევის უკან
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერშეტევის უკან

ევროკავშირი გამოიჩენს ყურადღებას, რომ ნახოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულების პოვნა, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი.

„კიბერშეტევა ძალიან აღმაშფოთებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის. ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა.

როგორც ყოველთვის, ასეთ ვითარებაში ყველა დააკვირდება სიტუაციას, მათ შორის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოიჩენენ ყურადღებას, რომ ნახონ, შესაძლებელი იქნება თუ არა მტკიცებულებების პოვნა ამ თავდასხმის უკან მდგომი ორგანიზატორებისა და მათი მიზნის შესახებ.

ვფიქრობ, ეს კიბერთავდასხმა ნათლად გვახსენებს, ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი თავდასხმების რისკი არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ფხიზლად. ევროკავშირი და საქართველოს ბევრი სხვა პარტნიორი კიბერუსაფრთხოების ასპექტებზე იმუშავებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.