კარლ ჰარცელი - ცოტა გასაოცარია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება
კარლ ჰარცელი - ცოტა გასაოცარია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება

ჩემთვის ცოტა გასაოცარია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე კონცენტრირება არ ხდება, – ამის შესახებ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოში პირველი ორი კვირის განმავლობაში მისი ყოფნის დროს, არჩევნებზე არავინ საუბრობდა, თუმცა შემდეგ ვითარება მყისიერად შეიცვალა და ფსონები გაიზარდა.

„პირველი ორი კვირა, როცა საქართველოში ვიყავი, არჩევნებზე არავინ საუბრობდა, არადა, ვფიქრობდი, რომ ყველა ამაზე ისაუბრებდა. ხალხი ამბობდა, ეს არჩევნები მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობის არ არის და ამიტომ, არავინ არაფერს არ აკეთებსო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უცებ შეიცვალა. ეს უკვე ჩემთვის მეორე ტალღა იყო, აქ ახალი ვიყავი და უცებ ყველა ფსონი ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, რჩევები მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო პროგრამებზე არ ახდენენ კონცენტრირებას.

ამასთან, როგორც ჰარცელი აცხადებს, არავინ საუბრობს პრეზიდენტის საკონსტიტუციო ძალაუფლებაზე, რომელიც საკმაოდ შეკვეცილია. თუმცა, ელჩის შეფასებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი სხვადასხვა კუთხით მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

„რჩევას არ მოგცემთ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო პროგრამებზე არ ხდება კონცენტრირება. ასევე, საუბარი არ არის მომავალი პრეზიდენტის საკონსტიტუციო ძალაუფლებაზე, რომელიც საკმაოდ შეკვეცილია. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს ექნება უზარმაზარი შესაძლებლობები, იმოქმედოს, როგორც გამაერთიანებელმა, ასევე იმოქმედოს საერთაშორისო სცენაზე. პრეზიდენტის ინსტიტუტი ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. დისკუსიები ამის შესახებ და სხვადასხვა კანდიდატების აზრები, რას ნიშნავს ეს ინსტიტუტი –  დებატებში ამაზე თითქმის არავინ საუბრობს. ჩემთვის ცოტა უცნაურია, ასე რომ არ ხდება. ისინი თავიანთ მომავალ უფლებამოსილებებს არ განიხილავენ და ნაკლებად საუბრობენ, რას გააკეთებენ. ეს ჩემთვის ცოტა გასაოცარი იყო“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მას პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატთან შეხვედრა ჰქონდა, რომლებსაც სხვადასხვა შეხედულება აქვთ. თუმცა, ელჩი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას კანდიდატები თავიანთ შეხედულებებზე აქცენტს ნაკლებად აკეთებენ.

„რამდენიმე კანდიდატს უკვე შევხვდი. დისკუსიები მქონდა და მათ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. კანდიდატები შეხედულებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნაკლებად აჟღერებენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.