კარლ ჰარცელი - ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ წინსვლის საუკეთესო გზა არის დიალოგით კომპრომისის მოძებნა
კარლ ჰარცელი - ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ წინსვლის საუკეთესო გზა არის დიალოგით კომპრომისის მოძებნა

შეთანხმება არის, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაზეც იყო დისკუსიები ფოკუსირებული, იქნება განხილვა დიალოგის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდი დასრულდა და ყველა მხარე თანხმდება, რომ პროცესი გაგრძელდება.

„დავასრულეთ დიალოგის მეოთხე რაუნდი. ამ შეხვედრიდან გამოვედით ისე, რომ ყველა მხარე თანხმდება. პროცესი გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დიალოგის წინა რაუნდების დროს, განსხვავებული შეთავაზებები მოვისმინეთ. გვქონდა სასარგებლო დისკუსია. დღეს მოვისმინეთ არგუმენტები სხვადასხვა წინადადებასთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება.

მივესალმე, რომ დღეს გვქონდა შეთავაზება მმართველი პარტიისგან, აზრთა გაცვლა მოხდა ამის საფუძველზე. შეთანხმება არის, რომ სხვადასხვა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, რაზეც იყო ეს დისკუსიები ფოკუსირებული, იქნება განგრძობადი გააზრება და განხილვა ამ დიალოგის ფორმატში, რათა ვნახოთ საით შეიძლება წავიყვანოთ დისკუსიები შემდეგ. ასევე გვქონდა აზრთა გაცვლა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რეკომენდაციები რომლებიც ძალაშია და მნიშვნელოვანია. ეს პროცესი გაგრძელდება მომავალი წლის დასაწყისშიც“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებითაც შედგა საუბარი

„ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, ეს დიალოგი გამოგვეყენებინა აზრთა გაცვლისთვის მიმდინარე მოვლენებზე, დემონსტრაციებზე, რომელებიც მიმდინარეობს. ასევე სასარგებლო იყო, რომ დიალოგის ფორმატი ამ საკითხების განხილვასაც დაეთმო. ვნახოთ, თუ შევძლებთ ამ საკითხზე წინ წაწევას“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ წინსვლისთვის საუკეთესო საშუალება იქნება, შეთანხმება დიალოგის ფორმატში.

„ჩვენ ვუახლოვდებით წლის ბოლოს და მინდა, ვთქვა, რომ დიალოგი დაიწყო და ეს არის პლატფორმა შესაძლებლობებისთვის, ეს არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, წინსვლისთვის  საუკეთესო საშუალებად რჩება, თუ იქნება შეთანხმება დიალოგის ფორმატში. ეს იქნება საუკეთესო შედეგი, რათა საქართველო სწორ ტრაექტორიაზე დადგეს მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ამ მიზეზით, შედეგების გააზრების შემდეგ, რასაც ყველა გავაკეთებთ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, ვიმუშავებთ პროგრესის მისაღწევად ამ ფორმატში. ჩემი ვალდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი და მტკიცე რჩება.

ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე წინსვლის საუკეთესო გზა არის კომპრომისის ძებნა და ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული დიალოგი. მე ამას ვიმედოვნებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ გაიმართა.