კარლ ჰარცელი - ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მისი, როგორც პატიმრის უფლებებს
კარლ ჰარცელი - ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მისი, როგორც პატიმრის უფლებებს

ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, მე მხედველობაში მივიღე ის ფაქტი, რომ ბატონმა სააკაშვილმა მორიგი შიმშილობა გამოაცხადა. ამ ეტაპზე ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ გავიმეორო ის პოზიცია, რაც არის ევროკაშირის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებს. ასევე, მის უფლებას სამართლიანი სასამართლოს თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, როგორც ეს პირველი დღიდან გავაკეთეთ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება“.