კარლ ჰარცელი - ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერს კარგი განწყობა დახვდება
კარლ ჰარცელი - ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერს კარგი განწყობა დახვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში რამდენიმე კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მას კარგი განწყობა დახვდება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა გითხრათ და ალბათ არ გავამხელ რაიმე საიდუმლოს, რომ რამდენიმე კვირაში ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომა ტარდება, რომელზეც პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მას იქ კარგი გარემო, კარგი განწყობა დახვდება. ალბათ იცით, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან კარგ პარტნიორად, კარგ, სანდო პარტნიორად მიიჩნევა, სადაც ევროკავშირთან თანამშრომლობა კარგი ტემპით ვითარდება.

ბუნებრივია, ფორუმზე ბრიუსელში გამოითქმება შენიშვნებიც, კრიტიკაც, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაძლიეროთ სტრუქტურული რეფორმები და უფრო უკეთ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს აძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, განსაკუთრებით -სავაჭრო ნაწილში. რამდენად შეიძლება, უფრო ეფექტურად იყოს მთელი ეს მექანიზმი გამოყენებული, რომელიც საქართველოს ვაჭრობის სფეროში აქვს ევროკავშირთან. ასევე, საუბარი ალბათ იქნება საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებულ ხარვეზებზე, რომლებიც ყველა ანგარიშშია მითითებული. ეს ალბათ იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ 2020 წლისთვის არჩევნები უკეთესად მომზადდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.