კარლ ჰარცელი - ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს
კარლ ჰარცელი - ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს

ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს განსაზღვრავს,  – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაციის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის” გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

კარლ ჰარცელი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა.

„ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებად რჩება. ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად, მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე, ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგნლობის ინფორმაციით, 18 მარტს, ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაცია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა – ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის”. წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ეს ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებას ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შექმნის, კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში. სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე.