კარლ ჰარცელი - ადამიანის უფლებები და ღირებულებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ღერძია
კარლ ჰარცელი - ადამიანის უფლებები და ღირებულებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ღერძია

ადამიანის უფლებები და ღირებულებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ღერძია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„მრავალი საკითხი, რომლებიც კითხვებს იწვევს, ან რომელზეც კომენტარს ვაკეთებ საქართველოში, ასე თუ ისე უკავშირდება სწორედ ამ თემას. დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც ეხებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიღწევებს, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ცოტა განსხვავებული ფოკუსი გაგვეკეთებინა, რასაც მივესალმები, რადგან ასევე მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რა მოძრაობაა საჯარო სამსახურის გარეთ.

ჩვენ ვიხილეთ ბევრი კარგი მიღწევა 2019 წელს, რომლებზეც ევროკავშირი ასევე მუშაობდა, როგორც პარტნიორი. გვქონდა ადამიანის უფლებათა კოდექსის პრეზენტაცია, რომელიც მიიღეს გასულ შემოდგომას. ასევე ვიხილეთ პროგრესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრივ. ბევრი საქმე გაკეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებული სამუშაოს გასაგრძელებლად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაზეც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას, რათა ეს საკითხი უფრო მეტად იყოს წამოწეული. არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომელთა ნაწილი გასულ წლის განმავლობაში მედიაში მოხვდა. ეს იყო ერთგვარი შეჯამება, რომელმაც აჩვენა ზოგიერთ მიღწევასთან დაკავშირებული საკითხები, რაც გარკვეულწილად აჩვენებს, საით მიემართება საქართველო და რა არის მისი მისწრაფებები, ასევე გვაჩვენებს იმ საკითხებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს მომავალ წელს ან წლებში“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.