კარლ ჰარცელი - 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, ის წარმატებით შესრულდება
კარლ ჰარცელი - 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, ის წარმატებით შესრულდება

8 მარტს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო და ევროკავშირი უკვე მრავალი წელია, მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტანდარტების გაუმჯობესებაში, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმაში, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს კვლავ დაეხმარება. რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, მივიჩნევ, რომ აქ არის ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველია, მაღალი პროფესიული დონის სწრაფვა, ხოლო მეორე, მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. მართლმსაჯულების დონის მოპოვება მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში შეუძლია. მართლმსაჯულებას უნდა ჰქონდს ნდობა როგორც მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ეს არის ბრძოლა, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. ეს პრობლემა მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ამ პრობლემას ბევრი სხვა სახელმწიფოც ებრძვის, თუმცა ის აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე საუბრისას, მსურს, კიდევ ერთი ასპექტი დავასახელო, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას.

ჩემი აზრით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ. გასული კვირის განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.