კარლ ჰარცელი - 12 პრიორიტეტის განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს
კარლ ჰარცელი - 12 პრიორიტეტის განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს

მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, „იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე“, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, შესთავაზოს ან განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისთვის წინსვლის მისაღწევად.

„ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, შესთავაზოს ან, მით უმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისთვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა“, – აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

კითხვაზე, როგორ აფასებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ პოზიციას და რამდენად შეიძლება, ამ გზამ დეპოლარიზაციამდე მიგვიყვანოს, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პრიორიტეტების წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს.

„გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება, სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

კითხვაზე, „თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას“, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ  ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს.

„ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

კითხვაზე, უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ „თბილისის პრაიდი“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს.

„მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს. სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.