კარლ ბილდტი - ევროკავშირში არავინ მიგიპატიჟებთ, თქვენ თავად უნდა შეაღოთ კარი და აჩვენოთ, რომ იმსახურებთ ამ კარში შესვლას
კარლ ბილდტი - ევროკავშირში არავინ მიგიპატიჟებთ, თქვენ თავად უნდა შეაღოთ კარი და აჩვენოთ, რომ იმსახურებთ ამ კარში შესვლას

ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის სახელით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელ​მწიფოების მეთაურებისთვის გამართულ საზეიმო ვახშამს „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ინიციატორი ქვეყნების – შვედეთისა და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

შვედეთის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საუკეთესო გზა რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად გაგრძელებაა.

„ყველა ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ამისთვის მათ თავად უნდა გადაიხადონ. ამისი ფასი არის რეფორმების გაგრძელება ქვეყნის შიგნით იმგვარად, რომ მიმზიდველები გახდეთ, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრები. არავინ მიგიწვევთ და მიგიპატიჟებთ, თქვენ თავად უნდა შეაღოთ კარი და აჩვენოთ, რომ იმსახურებთ ამ კარში შესვლას. ეს მოხდა პოლონეთის, შვედეთის შემთხვევაშიც. მობრძანდით არავის უთქვამს, ჩვენ გავაკეთეთ იგივე და ახლა ვართ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა კარლ ბილდტმა.

პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის შედეგები შეაჯამა.

„მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია. გაქვთ ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა, ყველანაირი ტიპის – ერასმუსის, ეკოლოგიური პროექტები, მცირე ბიზნესის ინიციატივები, რომლებიც უნდა გქონდეთ კიდეც. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მუშაობს და მთლიანობაში ძალიან დიდი წარმატებაა“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ .