კარინ ჟან-პიერი - რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს, ისინი ეთამაშებიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას
რესპუბლიკელები მზად არიან, აჩუქონ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუტინს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გამაოგნებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით და რომ რესპუბლიკელები კონგრესში მზად არიან, აჩუქონ პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი, რომლის იმედიც პუტინს შეეძლო, ჰქონოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ისინი ეთამაშებიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას – აი, რას ვხედავთ ჩვენ დღეს აქ და ისტორია ამას ცუდად დაიმახსოვრებს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გვქონდა და გვაქვს დისკუსიები მათთან რეგულარულად“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
ამასთან ერთად, განცხადება გააკეთა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ და აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში მათი შესაძლებლობები უკრაინის დახმარების კუთხით ამოიწურება.
„როგორც კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამით. რამდენიმე კვირა გვაქვს და შემდეგ ამოგვეწურება შესაძლებლობები, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. ეს, უბრალოდ, ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. თეთრი სახლი მზად არის, რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა თეთრ სახლს, რაიმე გარანტია მისცეს უკრაინას, კირბიმ უპასუხა, რომ ახლა არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინას რაიმე დაპირება მისცენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა. რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს 110 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც 61 მილიარდ დოლარს უკრაინის დასახმარებლად მოიცავდა. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება დაკავშირებული იყოს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხთან.