კარინ ჟან-პიერი - ჯო ბაიდენი მკაფიოდ განუცხადებს ისრაელს, რომ ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები დაცული უნდა იყვნენ
კარინ ჟან-პიერი - ჯო ბაიდენი მკაფიოდ განუცხადებს ისრაელს, რომ ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები დაცული უნდა იყვნენ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისინი აღშფოთებული არიან ისრაელის მხრიდან ღაზაში საჰაერო თავდასხმის გამო, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, თანაგრძნობის გამოსახატად ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელთან.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია, აღიარებულიყო „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ უდიდესი წვლილი ღაზაში მცხოვრები ადამიანებისთვის და ხალხისთვის მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის განცხადებით, ის მკაფიოდ განუცხადებს ისრაელს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები დაცული უნდა იყვნენ“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ამასთან, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ჯონ კირბიმაც, რომლის თქმითაც, აღნიშნული თავდასხმა, მსხვერპლიდან გამომდინარე, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა. კირბის განმარტებით, საჭიროა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მეტი გააკეთონ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები დაცული იყვნენ.

„ჩვენ აღშფოთებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო ფართო გამოძიება ჩატარდება და რომ ეს მოხდება სწრაფად და ყოვლისმომცველად. ვიმედოვნებთ, ეს დასკვნები გასაჯაროვდება და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – აღნიშნა კირბიმ.