კარინ ჟან-პიერი - აშშ მტკიცედ გმობს მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტს, „ისლამური სახელმწიფო“ საერთო ტერორისტული მტერია, რომელიც ყველგან უნდა დამარცხდეს
კარინ ჟან-პიერი - აშშ მტკიცედ გმობს მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტს, „ისლამური სახელმწიფო“ საერთო ტერორისტული მტერია, რომელიც ყველგან უნდა დამარცხდეს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მტკიცედ გმობს“ მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტს.

ჟან-პიერის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ არის საერთო ტერორისტული მტერი, რომელიც ყველგან უნდა დამარცხდეს.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ, ვინც დაკარგეს ახლობლები და მათ, ვინც დაშავდნენ ან დაზარალდნენ ამ სასტიკი თავდასხმების შედეგად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.

ამასთან, გუშინ სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო. როგორც მსოფლიო მედია წერდა, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას. „ბიბისის“ ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.