კარიერა | ლაშა ბექაურის მაღალი თამასა - ჩემი მიზანია, ოლიმპიადა ოთხჯერ მოვიგო [ვიდეო] #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ რუბრიკაში „დაიმახსოვრე“ საინტერესო სიუჟეტი გამოქვეყნდა ახალგაზრდა ძიუდოისტ ლაშა ბექაურზე.

ახალგაზრდა, მზარდი ძიუდოისტი საუბარს მიზნებზე ლაპარაკით ასრულებს – მინდა, ოლიმპიადა ოთხჯერ მოვიგოო. ლაშამ ოცნების ახდენა ევროპიდან დაიწყო – 20 წლის ასაკში, 2021 წლის აპრილში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მის ძიუდოისტად ჩამოყალიბებას საფუძველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხულოსკალოს საჭიდაო დარბაზში ჩაეყარა.

 

ლაშა ბექაური სპორტში პირველ ნაბიჯებს ასე იხსენებს:

„7 წლის ვიყავი, მახსოვს სავარძელზე ვიჯექი, მამაჩემმა მითხრა, ჭიდაობაზე უნდა წაგიყვანოო. მიმიყვანა კახა მასწავლებელთან (კახა წიკლაური). ვერ ვიტყვი, თავიდან ძალიან მომწონდა-მეთქი, თუმცა შევატყე, რომ კარგად გამომდიოდა.

გურჯაანში, ერთ-ერთ შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გავედი. კიდევ უფრო დავინტერესდი, მომწონდა, მედლებს რომ ვიღებდი. ეს ჩემთვის სტიმული იყო.

16 წლისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა ძიუდოისტობა. ამ ასაკში უკვე ასაკობრივ ნაკრებში მოვხვდი“.

ბექაურის პირველი მწვრთნელი კახა წიკლაური:

„ლაშა შეჯიბრზე რომ გამყავდა, ძალიან მოტივირებული იყო.  მქონდა შეგრძნება, რომ შეეძლო დაემარცხებინა ასაკით თუ წონით თავისზე დიდი ძიუდოისტი. სხვათა შორის, მძიმე წონაშიც გამიყვანია და იქაც დამაჯერებლად გამოსულა.“

 

ახალგაზრდულ ასაკში ლაშას ევროპისა თუ მსოფიოს მწვერვალები აქვს დაპყრობილი – ორგზის მსოფლიოსა და ერთგზის ევროპის ჩემპიონია.

უფროსებშიც თამამად გადავიდა – ჯერ ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსი მოიგო, შემდეგ თელ-ავივის (ისრაელი) გრანდ სლემის ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

2021 წლის 18 აპრილს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ლაშამ 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში თანამემამულე ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა. ლაშა ბექაურის ყველა გდება ევროპის ჩემპიონატზე.