კარენ კარაპეტიანი - სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება
სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომელიც სომხეთში ვიზიტით მყოფ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მისი შეფასებით, დღევანდელმა შეხვედრამ, რომელზეც ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს, თბილ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
„მოხარულნი ვართ თქვენი ვიზიტით. უნდა დავაფიქსირო, რომ სომხურ-ქართული თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება. დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში.
განვიხილეთ, როგორც ჩვენი ორმხრივი, ისე რეგიონალური საკითხები. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რაც უნდა გადავდგათ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ვისაუბრეთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროების შესახებ. შევთანხმდით იმ ქმედებებზე, რაც უნდა განვახორციელოთ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობამ მიიღოს ინტენსიური ხასიათი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებსაც.
„უნდა დავაფიქსირო, რომ როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებული შეხვედრიდან ძალზედ კარგი განწყობით გამოვედით. ჩვენ რეალურად დავსახეთ მიზნები, თუ საით მივდივართ. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობისა, ასევე, ეკონომიკური განვითარების გზაზე მიღწეული მაღალი მაჩვენებლისა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდი გვაქვს“, – განაცხადა კარენ კარაპეტიანმა.
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს ეწვია. პრემიერი თავის სომეხ კოლეგას ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.