კარენ კარაპეტიანი სომხეთში შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. ის სომხეთში შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს. მისი აზრით, საკითხის განხილვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ასეთი შეხვედრის ორგანიზების თხოვნით კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს მიმართა. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კარაპეტიანმა ოპოზიციის ლიდერთან ნიკოლ ფაშინიანთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის მიზეზიც განმარტა. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლისთვის შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით ფაშინიანის ცალკეული პირობები აღმოჩნდა მიუღებელი.