კარდინალი პიეტრო პაროლინი - რომის პაპს როდესაც ვუთხარი, რომ მივემგზავრები საქართველოში, სახე გაებადრა და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი საქართველოს პატრიარქს
კარდინალი პიეტრო პაროლინი - რომის პაპს როდესაც ვუთხარი, რომ მივემგზავრები საქართველოში, სახე გაებადრა და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი საქართველოს პატრიარქს

მსურს, გადმოგცეთ სალამი მისი უწმინდესობის, რომის პაპის, – ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა საქართველოს საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ილია მეორეს შეხვდა.

„ორშაბათს შევხვდი პაპს და ვუთხარი, მივემგზავრები საქართველოში და შობის დღესასწაულზე რომში არ ვიქნები. ვუთხარი, რომ ვიქნები საქართველოში და როგორც კი საქართველო ვუხსენე, სახე გაებადრა რომის პაპს და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი საქართველოს პატრიარქს. ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ სალამი პაპისა, რომელიც ამ დარბაზში იმყოფებოდა სამი წლის წინ და თქვენ მიიღეთ.

ჩემი ვიზიტი დაუკავშირდა რამდენიმე იუბილეს, ეს გახლავთ საქართველოს კარიტასის დაარსების 25 წლისთავი, დედა ტერეზას ჩამოსვლიდან 25 წლისთავი და სხვა იუბილეებიც. როდესაც ვატიკანის ელჩმა მითხრა, რომ რამდენიმე იუბილე ერთად იყო, მან ხაზი გაუსვა, რომ სრულდება 40 წელი ილია მეორის რომში ჩასვლიდან, სადაც ის შეხვდა რომის პაპს. განსაკუთრებით დიდი პატივია აქცენტი გავაკეთო ამ ვიზიტზე. ამ შეხვედრამ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ურთიერთობები. თქვენ გაიხსენეთ, რომ ჩვენ წარმომავლობაც კი ერთი გვაქვს. ძმების, პეტრესა და ანდრიას მიერ დაარსებული ეკლესიებია.

გუშინ მიღების დროსაც ვთქვი, რამდენად ძველია ქართველი ქრისტიანობა, საქართველოს ფესვები ჩადის ქრისტიანობაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა ქრისტიანობის. განსაკუთრებით მოვუწოდებ, ყურადღება მიაქციონ და დააფასონ ქრისტიანული ფესვები. განსაკუთრებით იმ გამოწვევების დროს, რომელიც დღეს გვაქვს, სეკულარიზაციის პერიოდში ადამიანმა თითქოს ღმერთი დაკარგა”,- განაცხადა კარდინალმა.