კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - საბუთებში ცდომილება მართლაც რომ იყოს, სუს-ის მხრიდან ასეთი აჟიოტაჟი გაუგებარია
კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - საბუთებში ცდომილება მართლაც რომ იყოს, სუს-ის მხრიდან ასეთი აჟიოტაჟი გაუგებარია

საბუთებში ცდომილება მართლაც რომ იყოს, სუს-ის მხრიდან ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა და ფედერაციის დისკრიმინაცია რაში უნდა აწყობდეს ქვეყანას, არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ბრალდებულმა კახა ბასილიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბასილია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იმედი აქვს, გამოძიება სიმართლეს დაადგენს.

„ზუსტად 30 წელი გავიდა, რაც კარატეს ფედერაციამ პირველი დარტყმა მიიღო. ეს იყო 9 აპრილი. ჩვენ მაშინ დავისაჯეთ რუსების მიერ და მაშინ პირველად განიცადა ასეთი დარტყმა კარატეს ფედერაციამ. დღეს არის უკვე მეორე დარტყმა. არ ვიცი, ვის აწყობს ოლიმპიური თამაშების წინ ასეთი გასაოცარი რაღაცების მოძიება, როცა ამ კონკრეტულ შეჯიბრებაზე წასული იყო 124 კაცი, რომლის მოძიებაც თავისუფლად შეიძლება. იქ თუ იყო საბუთებზე რამე მდივნის შეცდომა, ამის მოძიებაც ძალიან მარტივია და გაერკვიონ.

მე, რა თქმა უნდა, ბრალდებებზე უარი ვთქვი და არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, ამ ერთ თვეში გაარკვევს გამოძიება სიმართლეს. სასამართლომ დღეს გირაო შემიფარდა 15 ათასი ლარი. 29 მაისს ჩანიშნულია შემდეგი სასამართლო პროცესი და მანამდე იმედია, გამოძიება გაერკვევა. საბუთებში ცდომილება მართლაც რომ იყოს, სუს-ის მხრიდან ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა და ფედერაციის დისკრიმინაცია რაში უნდა აწყობდეს ქვეყანას არ ვიცი, ჩემთვის ეს გაუგებარია. მე არ დავეთანხმები იმ ბრალდებას, რაც პროკურატურამ წარადგინა და ვფიქრობ, 29 მაისამდე დიდი დროა და გამოძიება იმედია, შეისწავლის, რაში იყო საქმე“,- აღნიშნა ბასილიამ.

მისივე თქმით, თუ ცდომილება მოხდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„თუ იყო ცდომილება, უნდა დაისაჯოს ვინც დააშავა. იქ იყო ერთი გადაცდომა ის რომ, 10 კაცის მაგივრად წავიყვანეთ 124 კაცი და 10 ათასი ლარის მაგივრად დავხარჯეთ 40 ათასი – ეს იყო მთელი ჩვენი გადაცდომა“,- განაცხადა კახა ბასილიამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,  საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – კახა ბ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.