კარანტინის მიუხედავად, ბანგლადეშში ასი ათასზე მეტი ადამიანი მუსლიმი მქადაგებლის დაკრძალვაზე შეიკრიბა

18:51, 18.04.2020

ბანგლადეშში მოქმედი კარანტინის მიუხედავად, ასი ათასზე მეტი ადამიანი ცნობილი ადგილობრივი მუსლიმი მქადაგებლის დაკრძალვაზე შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

დაკრძალვის ცერემონია ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 100 კილომეტრში მდებარე ბრაჰმანბარიას ოლქში გაიმართა.

ისლამური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მქადაგებელი მაულანა ზუბაიერ აჰმედ ანსარი 17 აპრილს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც „ალ-ჯაზირასთან“ ადგილობრივი პოლიცის წარმომადგენელი აღნიშნავს, სამართალდამცველებს ხალხის ასეთი რაოდენობის კონტროლი არ შეუძლიათ.

ბანგლადეშის მთავრობის მდივანმა შეკრებას ქვეყნისთვის გამანადგურებელი უწოდა.

ბანგლადეშში ამ დროისთვის გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 2 144 შემთხვევა, გარდაცვლილია 84 ადამიანი.

მსგავსი