კარაკასში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
კარაკასში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებმა დედაქალაქ კარაკასში აშშ-ის შესაძლო სამხედრო ესკალაციის წინააღმდეგ მსვლელობა გამართეს.

პრეზიდენტის მხარდამჭერთა მარშს ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელოც შეუერთდა.

მსვლელობა მას შემდეგ გაიმართა, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური „კარტელ დე ლოს სოლესი“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ჯგუფს, რომელშიც, აშშ-ის განცხადებით, მადურო და სხვა მაღალი თანამდებობის პირები შედიან, ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციები დაუმატა. ვენესუელის მთავრობამ ვაშინტონის ამ ნაბიჯს „სასაცილო“ უწოდა და შეერთებული შტატები ქვეყნის ნავთობისა და გაზის რეზერვებზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური „კარტელ დე ლოს სოლესი“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 24 ნოემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და ვაშინგტონის რეალურ მიზნად ვენესუელის წინააღმდეგ ინტერვენცია დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას აძლევს. ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა ოპერაციები ვენესუელის სანაპიროსთან ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი გემების წინააღმდეგ.