კარა მაკდონალდი - საქართველოს ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა და საკუთარი ამომრჩევლების ნდობის მოპოვება
კარა მაკდონალდი - საქართველოს ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა და საკუთარი ამომრჩევლების ნდობის მოპოვება

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ეუთო-ს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავრობის დახმარება მხარს უჭერს ამ მიზანს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ცენტრალურ როლს ჩვენი ღირებულებები შეასრულებს. ეს დღის წესრიგი დემოკრატიის გაძლიერებას, უკუსვლისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს. ეს არის ჩვენი საუკეთესო საშუალება, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო იყო დემოკრატიულ განვითარებაში რეგიონული ლიდერი რუსეთის ზეწოლის ფონზე. 2012 საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხდა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ხელისუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა“, – განაცხადა კარა მაკდონალმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას უნდა გააჩნდეს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მათ მიერ არჩეული ლიდერებისადმი.

„გასული წლის სექტემბერში შრომითი რეფორმის, ანტიდისკრიმინაციული და შშმ პირების უფლებების შესახებ კანონების მიღება იყო ასევე პოზიტიური მიღწევები. გასულ ზაფხულს საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებმა გაუხსნა გზა პოტენციურად უფრო მეტად პლურალისტურ და ძალაუფლების განაწილებულ მმართველობას. თუმცა ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენებისა და ტენდენციების სერიამ ჩვენ ძლიერ შეგვაშფოთა და სასწრაფოდ მიიპყრო ყურადღება იმ სამუშაოსადმი, რომელიც რჩება შესასრულებელი საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დაცვისა და განვითარებისთვის. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონცენტრაცია, ინსტიტუტების ნაცვლად, პოლიტიზებული სასამართლო, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობას. მოკლედ შევეხები მის დემოკრატიულ მოწყვლადობას. ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, იყო დარღვევების, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების ბრალდებები. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებით აღნიშნავს საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტობისა და საარჩევნო გასაჩივრების პროცესში ხარვეზების პარლამენტს. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა 2020 წლს დაამტკიცა საარჩევნო რეფორმა, ოდირის ზოგიერთ რეკომენდაციაზე დაყდნობით, პარლამენტმა არ მიიღო კრიტიკული და დიდი ხნის რეკომენდაცია საარჩევნო გასაჩივრების პროცესის ერთიანობის შესახებ. შედეგად, სასამართლოები არ ასრულებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანი შემოწმების ფუნქციას. სანდო ადგილობრივმა საარჩევნო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა უარყვეს მათი საჩივრების უმეტესობა. საქართველოს მოსახლეობას უნდა გააჩნდეს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მათ მიერ არჩეული ლიდერებისადმი, ამისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, შეასრულოს ეუთო-ს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავრობის დახმარება მხარს უჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

​მან სასამართლოს პოლიტიზების საკითხზეც გააკეთა აქცენტი და ხელისუფლებას სასამართლო რეფორმისკენ მოუწოდა.

„სასამართლოს პოლიტიზირება და ფართოდ მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნა ასევე უწყობს ხელს დემოკრატიულ მოწყვლადობას და ამცირებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობას. სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტობა მოიცავს გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან სხვა მოსამართლეებზე შეუსაბამო გავლენას და დისციპლინარული, დაწინაურების და დანიშვნის სისტემის გამოყენებას მოსამართლეებზე გავლენის მოსახდენად. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლო რეფორმისკენ და ჩვენი დახმარება მხარს უჭერს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ხალხზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის განვითარებას“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

აშშ-ის სახელმწ იფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში მედიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს.

„ბოლოს, მინდა ვისაუბრო სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შესახებ. ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები. საქართველო განიცდის სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან ქცევის მნიშვნელოვან გაუარესებას და ეროვნული მედიის გარემო სულ უფრო პოლარიზებულია. როგორც საშინაო, ისე საგარეო დეზინფორმაცია აძლიერებს საზოგადოების გაყოფას. აშშ მხარს უჭერს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს და ებრძვის დეზინფორმაციას მედიაკამპანიების, მედიაწიგნიერების გზით და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებით, დაიცვას საკუთარი საინფორმაციო სივრცე. მოწყვლადობები, რომლებიც ჩამოვთვალე, რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს და კარს უღებს სხვა გავლენებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს დემოკრატიული გზისთვის“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

მისივე თქმით, აშშ იმუშავებს ინტენსიურად, რათა გააძლიეროს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები.

„საქარველოს როგორც დემოკრატიული განვითარების რეგიონული მოდელის როლის აღდგენა უფრო და უფრო აუცილებელი ხდება. ჩვენ ვიმუშავებთ ინტენსიურად, რათა გავაძლიეროთ მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საქართველოს ლიდერებსა და პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა და საკუთარი ამომრჩევლების ნდობის მოპოვება. საქართველოს მოსახლეობა ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს”, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.