კარა მაკდონალდი - პარტიები უნდა ზრუნავდნენ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ამომრჩევლებს აღელვებთ, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოწოდება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმისკენ
კარა მაკდონალდი - პარტიები უნდა ზრუნავდნენ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ამომრჩევლებს აღელვებთ, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოწოდება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმისკენ

ორპარტიული ლიდერობის მოდელი, რომელიც დღეს ამ მოსმენაზე სენატორებმა აჩვენეს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მოდელი, რომლისკენაც ვუბიძგებთ ქართულ პარტიებს, ეს არის შეთანხმება, ესაა ძალაუფლების გაზიარების, პლურალიზმის კულტურა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების დიდი ნაწილი ფოკუსირებულია პლატფორმებზე დაფუძნებული პარტიების ჩამოყალიბებაზე და არა ინდივიდუალურ პირებზე დაფუძნებულ პარტიებზე.

„სწორედ ასე იქმნება კოალიციები. პარტიები უნდა თანხმდებოდნენ და ზრუნავდნენ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც მათ ამომრჩევლებს აღელვებთ. სწორედ ასე შედგება კოალიცია მრავალპარტიულ სისტემაში, რასაც ვხედავთ საქართველოში. დღეს არსებული ჩიხის დაძლევისას, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოწოდება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმისკენ. ამ რეფორმის პროცესი ძალიან გრძელია, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ უფრო ფართო სტრუქტურულ საკითხებზე, რადგან ვშიშობ, ჩვენ ამ ჩიხს დავძლევთ და შემდეგ ეს საკითხები ისევ წამოიწევა, პროტესტი დაიწყება თავიდან და ეს ყველაფერი ისევ რუსების წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, ეს ფართო საკითხები გადასაწყვეტია და ეუთო-ს რეკომენდაციები ამისთვის შესანიშნავი გზამკვლევია“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.