სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კარა მაკდონალდი - მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაიკავონ მათი ადგილები პარლამენტში
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კარა მაკდონალდი - მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაიკავონ მათი ადგილები პარლამენტში

მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე კეთილსინდისიერად იყოს ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, რათა სწრაფად წაიწიონ წინ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

მან ეუთო/ოდირის დასკვნაზე ისაუბრა, რომელშიც მისი თქმით, რამდენიმე სერიოზულ ხარვეზზე იყო საუბარი.

„ეუთო-ს ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე სერიოზული ხარვეზი. ეს უკავშირდება ამომრჩევლებზე ზეწოლას. მეორე საკითხი იყო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა, როგორც ოლქებში, ისე უბნებზე და მკაფიო გამყოფი ხაზის დარღვევა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს როლებს შორის არჩევნების ადმინისტრირების დროს. ეს კვლავ ეხება მმართველი პარტიის დომინანტობის საკითხს სახელმწიფო ინსტიტუტებში. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საჩივრების განხილვის პროცესი და სამართლებრივი საშუალებები. ჩვენ ვნახეთ ადგილობრივი დამკვირვებლებისგან, 3 000 დამკვირვებლისგან, რომ მათაც აღნიშნეს ხარვეზები. ვნახეთ, ბევრი საჩივარი, რომელთა უმრავლესობა უარყვეს და სასამართლომ ისინი არ განიხილა. ეს იყო ის საკითხები, რომელზეც ფოკუსირებული იყო ეუთო/ოდირი და ამ სფეროებში რეფორმების წინ წაწევის რეკომენდაციას იძლევა“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

მან აქვე მოლაპარაკებების პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო რეფორმა ასევე არის მოლაპარაკებების ნაწილი. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებების პროცესი ქართველებს ეკუთვნით. გამოვედით მოწოდებით, რომ ეს იყო ინკლუზიური პროცესი, გამჭვირვალე. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა მხარეს, რომ მუდამ იყვნენ კავშირი ამომრჩევლებთან. ცხადია, მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დაიკავონ მათი ადგილები პარლამენტში. ვნახეთ, რომ სოციოლოგიური კვლევებით ქართველებს აწუხებთ მათი სამუშაო ადგილები, ხელფასები, უმუშევრობა და „კოვიდ-19“. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე კეთილსინდისიერად იყოს ჩართული მოლაპარაკებების პროცესში, რათა სწრაფად წაიწიონ წინ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.