კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის მოსამართლე - ტრამპს, ისევე როგორც ყველა ამერიკელს, აქვს უფლება სიტყვის თავისუფლებაზე, მაგრამ ეს უფლება აბსოლუტური არ არის
კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის მოსამართლე - ტრამპს, ისევე როგორც ყველა ამერიკელს, აქვს უფლება სიტყვის თავისუფლებაზე, მაგრამ ეს უფლება აბსოლუტური არ არის

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მტკიცებულებებთან დაკავშირებულ პირველ მოსმენაზე მოსამართლემ თქვა, რომ დონალდ ტრამპის სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის.

მოსამართლე ტანია ჩატკენმა აღნიშნა, რომ აპირებს დამცავი ბრძანების გამოცემას დონალდ ტრამპის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე, რაც საჭიროა მოწმეების დასაცავად ან სასამართლოში სხვა ჩარევისგან დასაცავად.

„ბატონ ტრამპს, ისევე როგორც ყველა ამერიკელს, აქვს პირველი შესწორების უფლება სიტყვის თავისუფლებაზე, მაგრამ ეს უფლება არ არის აბსოლუტური. ისეთ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც ეს არის, ბრალდებულის სიტყვის თავისუფლება ექვემდებარება წესებს. დამცავი ორდერის გარეშე, მხარემ შეიძლება გაავრცელოს ინფორმაცია, რამაც, შესაძლოა, დააზიანოს ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი, დააშინოს მოწმეები, ან საქმის ზოგიერთ ასპექტში ჩართული პირები, ან სხვაგვარად ჩაერიოს „მართლმსაჯულების პროცესში“, – განაცხადა მოსამართლე ტანია ჩატკენმა.

მოსამართლე ტანია ჩატკენი ობამას დანიშნული ყოფილი სახალხო დამცველია, რომელიც მეთვალყურეობდა რამდენიმე საქმეს 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით. ის ღიად საუბრობს იმაზე, თუ რა ზიანი მიაყენა აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმამ ამერიკულ დემოკრატიას.