კაპიტანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - ნინო სუთიძე ეროვნული გუნდიდან გააცილეს #1TVSPORT
კაპიტანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - ნინო სუთიძე ეროვნული გუნდიდან გააცილეს #1TVSPORT

სლოვაკეთთან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანმა ნინო სუთიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და მას ნაკრებიდან საზეიმო გაცილება მოუწყვეს.

ნინო სუთიძემ საფეხბურთო კარიერა ხაშურში, კლუბ „ივერიაში“ დაიწყო. 2008 წლის ზაფხულში გადავიდა თბილისის „ნორჩი დინამოში“. პირველ სეზონში მან მოიგო 2008-09 საქართველოს ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატი და მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წლების მატჩებში.

ორი სეზონის შემდეგ სუთიძე გადავიდა ზუგდიდის „ბაიაში“ და 2009-10 წლების სეზონში მეორე ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. 2011 წლის 2 დეკემბერს გადავიდა თურქულ კლუბ „კონაკ ბელედიესპორში“. იზმირის გუნდთან ერთად 2013 წელს თურქეთის ჩემპიონატი მოიგო და მონაწილეობდა 2013–14 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მეოთხედფინალამდე 7 მატჩიდან 4 ითამაშა.

შემდეგ კიდევ რამდენიმე თურქულ კლუბში ითამაშა – „ადანა იდმანიურდუსპორში“, „კარშიაკა ბესემ სპორში“, „კონაკ ბელედიესპორში“, სტამბოლის „ატაშეჰირ ბელედიესპორში“. ბოლოს თბილისის „ნიკესა“ და „კვარტალში“ გამოდიოდა.

ნინო სუთიძის დებიუტი საქართველოს ქალთა ნაკრებში 2011 წლის 3 მარტს შედგა, ქალთა ევრო 2013-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში მალტის წინააღმდეგ. მას შემდეგ მან ნაკრებში 90-მდე მატჩი ჩაატარა. მაგრამ წელს დაშავდა და ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.