კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის დანიშნულებით ტრანზიტულად გადაადგილებულ და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილ, ექსპორტის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომანქანებზე ცალკეული მომსახურებების საფასური იზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
პროექტში აღნიშნულია, რომ საფასურების ზრდა ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის დანიშნულებით საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემის საკითხს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან ხდება.
კერძოდ: ტრანზიტული ნომრის გაცემისთვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, მოქმედი რედაქციით საფასურის განაკვეთი 50 ლარს შეადგენდა; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა; საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა; სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსებისათვის ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებისათვის ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისათვის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით დგინდება ახალი მომსახურებები. კერძოდ, ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მომსახურების საფასურად განისაზღვრება 150 ლარით.